ჩვენი მთავრობა უკრაინაში ადამიანების ხოცვას, სასტიკ მკვლელობას რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობას ეძახის, ეს არის პოლიტიკური დიაგნოზი ამ მთავრობისთვის – ელენე ხოშტარია

დღეს საზოგადოების უმრავლესობა არის უკრაინის და ისტორიის სწორ მხარეს, უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ და მთავრობა პატარა, სუსტ ამორალურ რგოლად დარჩება, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საჯარო დისკუსიის დაწყების წინ განაცხადა, სადაც ამ წუთებში რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის საქართველოში მზარდი შემოდინების შესახებ აღნიშნული პარტიის მიერ შემუშავებულ ხედვასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ელენე ხოშტარიას თქმით, შეხვედრაზე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან იმ კონკრეტულ ინიციატივებს განიხილავენ, რომლებიც საქართველომ რუსეთიდან შემოდინებული ხალხის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისთვის უნდა გააკეთოს.

„ჩვენი მთავრობა უკრაინაში ადამიანების ხოცვას, სასტიკ მკვლელობას რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობას ეძახის და ეს არის ამორალური ისტორიული და პოლიტიკური დიაგნოზი ამ მთავრობისთვის, თუმცა ჩვენ გვყავს მოქალაქეები, მათ შორის, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა არის მათი და ქვეყნის ინტერესი. დღეს ჩვენ გვინდა კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განვიხილოთ ის კონკრეტული ინიციატივები, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთიდან შემოდინებული ხალხის საფრთხე იყოს მინიმიზებული. ეს საფრთხე არის პირველი: სანქციებისგან თავის არიდება, რაც გამოიწვევს საქართველოს სანქცირებას, ამიტომ ბიზნესმა თავად უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ეს არ გააკეთოს და არ დაიზარალოს თავი. მეორე: ეს არის დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რაც შეიძლება მერე რუსეთის აგრესიის საწინდარი იყოს და მესამე: თუ, ჩვენ არ გვექნება განსაზღვრული წესები ეს შეიძლება იყოს გამოყენებული ძალადობრივი პროვოკაციებისთვის და შეტაკებებისთვის ამ ხალხთან. ამიტომ ჩვენ, ამორალური მთავრობის და არარსებული მთავრობის პირობებში უნდა ავიღოთ ინიციატივა და ეს პროცესი ვმართოთ. ეს მთავრობა რამდენჯერაც შეიკრიბება, იმდენჯერ რუსეთს დაუჭერს მხარს. საერთოდ დავანებოთ თავი იმ ილუზიას, რომ ამ მთავრობას რამეს ვთხოვთ. ნებისმიერ საკითხში იქნება ეს სასამართლო, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების საკითხი, ავიღოთ ჩვენს თავზე ინიციატივა. მსოფლიო იცვლება. გამოვიდეთ იმ ძველი რეალობიდან, რომ ველოდებით პარლამენტში რას იტყვის ინჯია. არ წყვეტენ ისინი. დღეს საზოგადოების უმრავლესობა არის უკრაინის და ისტორიის სწორ მხარეს. უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ და მთავრობა დარჩება პატარა, სუსტ ამორალურ რგოლად,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.