ევროინტეგრაციის საკითხებზე სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა გამოსავალი არ არის, თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად – სალომე სამადაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებზე სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა გამოსავალი არ არის, თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება შესაბამისი პოლიტიკური რეფორმების განსახორციელებლად და იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ქვეყანას სჭირდება – მმართველ გუნდს ამის მზაობას ჯერჯერობოთ ვერ ვატყობთ,- ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროინტეგრაციის საკითხზე სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის თაობაზე გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა შეაფასა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია შარლს მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა.

„მიშელის შეთანხმება ადგენს მთელ რიგ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას ხელისუფლების, ქვეყნის მხრიდან, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით წინ წავიდეთ. ამიტომ ჩვენი პირველი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ რეფორმების განხორციელება, რაზეც შევთანხმდით მიშელის შეფანხმების ფარგლებში და რაც ეხება საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობას – ეს აუცილებელია, რათა გვქონდეს რაიმე წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების ამ მძიმე გზაზე.

ჩვენ გუშინ შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გვქონდა საუბარი, რომ აუცილებელია შეიქმნას ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლების ფართო გაერთიანება, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის მხარდასაჭერად. თუ კონსოლიდაცია მოხდება, ეს იქნება ყველაზე სწორი და კარგი დახმარება ევროკავშირში განაცხადის წარმატებისთვის. მაგრამ ცხადია, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან. რამდენიც არ უნდა მოინდომოს საზოგადოებამ და ოპოზიციამ, რეფორმები უნდა გაატაროს მმართველმა გუნდმა. მათ კი ამის მზაობას ჯერჯერობით ვერ ვატყობთ”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს და ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურა შექმნას.