დმიტრო კულება – მინისტრმა ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის ვალდებულება ვერ აიღო, მაგრამ იგი ამ საკითხზე ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა

შეხვედრაზე ჩვენ წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები –  პროგრესს ვერ მივაღწიეთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.

„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე.

ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას, რათა მოგვეძებნა გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემებისთვის ადგილზე. მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ აღნიშნულ ფორმატში, მოცემულ ფორმატში, თუ იქნება პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვისთვის. როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მანდატი, მოლაპარაკება აწარმოონ უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე. მანდატი, რომელიც მათ მიანიჭეს პარლამენტებმა, მათი ქვეყნების ლიდერებმა და მზად ვარ, აღნიშნული ჩართულობა გავაგრძელო იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.