აშშ წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთთან მშვიდობიან შეთანხმებაში უკრაინა უარს იტყვის ნატო-ზე – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა თუ რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, აშშ უკრაინის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

„ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე უკრაინელები ვიყოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სენატორმა რენდომ პოლმა ენტონი ბლინკენს ჰკითხა, განაპირობა თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწერიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება. ბლინკენმა სენატორს უპასუხა, რომ „არა“. სახელმწიფო მდივნის თქმით, პრობლემა არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაში, არამედ პუტინის მოსაზრებაშია, რომ უკრაინა არ იმსახურებს, იყოს სუვერენული ქვეყანა.