გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით, დავიცავთ, რასაც მიაღწიეს – ნედ პრაისი

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრაისმა აღნიშნა, ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი, ალიანსი იღებს. მისივე თქმით, საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა განიხილებოდეს მისი წევრობის საკითხი. საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან.

ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდში საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის ექვსი მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. აშშ-ში გაცვლითი კულტურული და სხვა სახის პროგრამებით ჩამოვიდა ექვსი ათასი ადამიანი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ეს ასევე მოიცავს ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.