ციხეში ყოფნა არ მოსწონს – შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს – იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

მგონი, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა. მისი შიმშილობის პირველი კვირა მაინც გადაფარული იქნება რუსეთ-უკრაინის მოვლენებით. მერე რა იქნება, ვნახოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ მოსწონს და ამის გამო შიმშილობს. ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ რომ გადაეყვანათ, მოვლენები ასე აღარ განვითარდებოდა.

„შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როცა ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტულად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა გაქვს და აქედან გამომდინარე მოვლენები, ეს მარტივი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.

შიმშილობის დაწყების მიზეზი გავიგე – ციხეში ყოფნა ადამიანს არ მოსწონს, არ არის კარგი ციხეში ჯდომა, მაგრამ ვისურვებდი, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო. მისი გადაყვანა დასავლეთის სანდო კლინიკებში უნდა მომხდარიყო და ამ ყველაფერს ავცდებოდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება“.