“პოლიტიკური დებატების დრო არ არის, შვილმოკლული მამა პასუხს ელოდება!”

საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს. მისი თქმით, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკური დებატების დრო არ არის და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე და საზოგადოება კითხვებზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ანრი ოხანაშვილს მიმართა:

-„აქ ძვირფასო კოლეგებო, არც პოლიტიკური დებატების დროა, არც პროფესიონალური ცოდნით კეკლუცობის დროა, რადგან პასუხს ელოდება ჩვენგან ზაზა სარალიძეც და საზოგადოებას. ჩემი შეკითხვა, ბატონო ანრი, რა თქმა უნდა, არ ვარ ისეთი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, როგორც თქვენ, საერთოდ არ ვარ იურისტი, მაგრამა არის ძალიან მარტივი შეკითხვა, რა პასუხს სცემთ თქვენ დღევანდელი დოკუმენტით ზაზა სარალიძეს – ანუ რას ეუბნებით ზაზა სარალიძეს, ვინ მოკლა მისი შვილი? კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა მისი შვილი, ვერ დაადგინა, რატომ ვერ დადგინდა, ვინ მოკლა მისი შვილი? თქვენ ახლა ავალებთ იგივე ხალხს, ვინც უკვე გამოიძია ეს საქმე, ხელმეორედ გამოიძიეთ ეს საქმე და დაადგინეთ, ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილიო. სწორად მესმის იმ დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც თქვენ დღეს წარმოადგინეთ?“- მიმართა სალომე სამადაშვილმა ანრი ოხანაშვილს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ “ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ დეპუტატებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შემუშავებული საკუთარი ანგარიში უკვე წარუდგინეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ანგარიშის მოსმენას აღარ დაესწრებიან.