ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია.

ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.

საბოლოოდ, ჭანტურიამ 120 ხმა მიიღო, ლალი ფაფიაშვილმა – 54, ხოლო ოთარ სიჭინავამ – 5. სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე ამ დრომდე ნონა წოწორია იყო.

ლადო ჭანტურია გერმანიაში საქართველოს მოქმედი ელჩია. ის მუშაობას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება. ფიცს კი არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში დადებს. ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლიანი ვადით იმუშავებს.