მმართველმა გუნდმა ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვის გადაწყვეტილება შეცვალა

მმართველმა გუნდმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვის გადაწყვეტილება შეცვალა – პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს სტანდარტული პროცედურით განიხილავს.

“საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. პროექტის ინიცირებისას მოთხოვნილი იყო პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა როგორც ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მათი შეთავაზებაა, რომ პარლამენტმა პროექტი სტანდარტული პროცედურით განიხილოს, რაც ბიურომ გაიზიარა.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.