“ჩინეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი დაახლოებით იმ შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის, რაც რუსეთთან ცალმხრივმა უვიზო რეჟიმმა მოიტანა” – გია ხუხაშვილი

ჩინეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი დაახლოებით იმ შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის, რაც რუსეთთან ცალმხრივმა უვიზო რეჟიმმა მოიტანა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩინეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი დაახლოებით იმ შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის, რაც რუსეთთან ცალმხრივმა უვიზო რეჟიმმა მოიტანა. საქმე ის კი არაა, რომ ვინმეს უნდა ავუკრძალოთ შემოსვლა, არავის უნდა ავუკრძალოთ, მაგრამ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, კონტროლირებადი უნდა იყოს, იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის რისკებისგან თავი დავიზღვიოთ. ჩვენ დღეს რუსეთთან ამ მხრივ გვაქვს ძალიან სპეციფიკური, ურთულესი მდგომარეობა. როცა ომის გამო უკონტროლო მიგრაცია დაიწყო, ამან შექმნა დიდი პრობლემები. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთთან ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპის პრობლემები, რაც რუსეთთან, შესაბამისად, შესაძლებელია ინტეგრაციული პროცესის გააქტიურება, თუმცა, ამასთანავე, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ჩინეთსაც აქვს ერთგვარი იმპერიული ამბიციები ჩვენს დერეფანთან დაკავშირებით. მიგრაციული ექსპანსია ჩინეთისთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ჩინეთი არ არის მტერი, უნდა ვითანამშრომლოთ და მაქსიმალურად ინტეგრაციული პროცესი განვავითაროთ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, როცა ეს ყველაფერი იქნება დაბალანსებული სხვა მხრიდან. ჩინეთი სხვადასხვა ქვეყნებში რბილი ძალით მოქმედებს, ეკონომიკურ აქტივობას იწყებს, რასაც თავისთავად მოჰყვება პოლიტიკური აქტივობაც. ვინც აკონტროლებს ეკონომიკას, ის კარნახობს, გარკვეულწილად, პოლიტიკურ თამაშის წესებს. ჩინური ეკონომიკის წილი საქართველოში ან თუნდაც მიგრაციული პროცესების უნდა იყოს ერთნიშნა რიცხვი. როცა ეს ხდება ორნიშნა და 20%-ს მიახლოვდა, რაც რუსეთის შემთხვევაში ხდება, ეს ნიშნავს რომ გარკვეული რისკები იწყება. ამასთანვე, უნდა გვესმოდეს და დავინახოთ ის მაგალითები, რაც მსოფლიოში ჩინურ ექსპანსიასთან დაკავშირებით არსებობს. იგივე აფრიკის ბევრ ქვეყანაშია ჩინეთი შესული და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ იმ ქვეყნების ტურიზმი განვითარებულიყო, ეკონომიკა განვითარებულიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ მდიდარი ჩინოვნიკები და გაღატაკებული მოსახლეობა”,– განაცხადა გია ხუხაშვილმა.