“ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში” – ლევან დავითაშვილი

საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მე პირადად გეტყვით, რომ უშუალო საუბრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირდაპირ გიდასტურებთ, პირად საუბრებში ვსაუბრობდით იმ პოტენციალზე, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყანას გააჩნია და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩინეთი მსხვილი და პირველი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის. ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში. თქვენ დაინახეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზეც რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობას დასავლური ქვეყნების მხრიდან. აქ საუბარია როგორც ინვესტიციებზე, ისე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ვაჭრობაზე. როცა ვსაუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მინდა დაგიდასტუროთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კოლოსალური რიცხვებია, ნახევარ ტრილიონზე მეტია და ნახევარ ტრილიონზე მეტია, თითქმის ტრილიონია ევროკავშირთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. თუ ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, თუ ჩვენ კომპეტენტური არ ვიქნებით მათ შორის, რომ ჩვენი ინტერესები სწორად გავითვალისწინოთ და დავიცვათ, მაშინ, ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.