„მინისტრის საათის” ფორმატში ვერც ერთმა მოსმენამ ვერ დატოვა შთაბეჭდილება, რომ კითხვებზე სცემენ კონკრეტულ პასუხებს, მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე არ იყოს მორიგი ბუტაფორიული პროცესი – ანა ნაცვლიშვილი

აქამდე, ვერც ერთხელ „მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენამ ვერ დატოვა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულ კითხვებზე ისინი სცემენ კონკრეტულ პასუხებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე არ იყოს მორიგი ბუტაფორიული პროცესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „მინისტრის საათის” ფორმატში დაგეგმილ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი კითხვები ექნებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა აქვს უკრაინის ომს საქართველოზე.

„გომელაურთან იქნება კითხვები უკრაინის ომიდან გამომდინარე შედეგებზე საქართველოში და რა გეგმები არსებობს ამ შედეგებთან გასამკლავებლად, ასევე შიდა საკითხები, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დარღვევის ტენდენციებს, რაც ხშირად გვაქვს სახეზე შსს-ს მხრიდან. რაც შეეხება უკრაინის ომის გავლენას საქართველოზე, ამას აქვს კონკრეტული გამოხატულებები, საზოგადოებაში არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, რა რისკებს აჩენს, რა რისკებს ხედავს უწყება. ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქამდე, ვერც ერთხელ “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენამ ვერ დატოვა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულ კითხვებზე ისინი სცემენ კონკრეტულ პასუხებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე არ იყოს მორიგი ბუტაფორიული პროცესი, არამედ იმ საკითხებზე ისაუბროს მინისტრმა, რაც საზოგადოებაში იწვევდა განვლილ წელს ლეგიტიმურ შეშფოთებას და ასევე, დღევანდელი დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დღეს არსებულ კითხვებს, მათ შორის საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით გაეცეს პასუხები,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.