პოლიცია არ არის სახელმწიფოს სამსახურში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების” დაცვის სამსახურში – პაატა მანჯგალაძე

შსს ორიენტირებულია სამოქალაქო აქტივისტების დევნასა და დაკავებაზე, პოლიცია არ არის საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების” დაცვის სამსახურში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ვახტანგ გომელაურთან, რომელსაც ,,მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ, მთელი რიგი კითხვები ექნებათ, თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას საზღვრების საკითხს დაუთმობენ.

,,ერთ – ერთი მთავარი საკითხი ჩვენთვის არის საზღვრებთან დაკავშირებული საკითხი, საზოგადოებაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბოლო დროს, მოჭარბებული რაოდენობით მოძრაობენ ქალაქში რუსეთის მოქალაქეები და გვაინტერესებს ეს როგორ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, როგორ ხდება ფილტრაცია ვინ არის პროპაგანდისტი, ვინ მშვიდობიანი მოქალაქე და ვის აქვს მტრული მიზნები ქართული სახელმწიფოს მიმართ. არსად მოხსნილა ასევე მინისტრის მისამართით ის კითხვები, თუ რატომ დაარბიეს 5 ივლისს ჟურნალისტები, აქ საუბარი არ არის პასიურობაზე, მთელი რიგი ფაქტები არსებობს, სადაც პოლიციელებმა გზა გაუხსნეს ამ მოძალადე ჯგუფებს, რაც ნიშნავს, რომ ხელს უწყობდნენ ჟურნალისტების დარბევას, გრძნობს თუ არა ამ საკუთხზე პასუხისმგებლობას მინისტრი, ასევე მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს საკითხი, რომელიც არ გამართულა რამდენიმე წელია და როგორ ფიქრობს მინისტრი, შექმნილი ვითარების ფონზე, აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება. ისინი ამბობენ, რომ ოპერატიულ თათბირებს ატარებენ, მაინტერესებს, რომელიმე ასეთ თათბირს თუ ესწრებოდა მთავარსარდალი პრეზიდენტი, თუ ის ჰყავთ შიდა იზოლაციაში. შსს მის ძირითად მოვალეობებზე და ფუნქციებზე მეტად, რასაც უნდა ასრულებდნენ, ორიენტირებულია სამოქალაქო აქტივისტების დევნასა და დაკავებაზე. პოლიცია არ არის საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არიან ,,ქართული ოცნების” დაცვის სამსახურში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.