მორიგი დაპირისპირება

გიორგი მარგველაშვილი – კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერაა ხელმოწერილი ერთიანი თანხმობის სულისკვეთებას არ გამოხატავს.

“ქართული ოცნება” კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის შესაძლებლობას.

“მთელი ქართული საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. “ქართული ოცნება”კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. მარტივია, იმისთვის რომ შედგეს კონსენსუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის თქმით, კონსენსუსი ყოველთვის შესაძლებელია.

“კონსენსუსის და მოლაპარაკების რესურსი არსებობს ყოველთვის. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს რაზეც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში გართულებულია კონსენსუსის ძებნა, გუშინ შევახსენე საზოგადოებას, რომ 1995 წელს, როცა 23 პარტია იყო პარლამენტში და ძალიან ადრე იყო ქართული დემოკრატიისთვის, მაშინაც კი მოხერხდა კონსენსუსი იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ გამოსავალს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს ამასთან დაკავშირებით. მთავარია იყოს განწყობა, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თავისთავად, თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, უნდა გვესმოდეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ თანხმობა იყოს ფუნდამენტი, ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია და ასეთი ტიპის დოკუმენტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, აშკარად იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ინტერესები.

“პრეზიდენტი გამოდის სუბიექტური თავისი პოლიტიკური მიზნებიდან. ბუნებრივია სხვა ახსნას ვერავინ მოუძებნის იმას, რომ მან პროცესი მიატოვა და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა მანამდე, ვიდრე საერთოდ ეს პროცესი დაიწყებოდა“ – აღნიშნა მდინარაძემ.