გიორგი გახარია: ვისაც დაკისრებული პასუხისმგებლობა ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არა – ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვებს

დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მანდატების გარდა, უამრავი დიალოგის საგანია. არსებობს კონკრეტული პრობლემები, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აღელვებს. ყველას კარგად გვესხმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული ყოველდღიური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, მოქალაქეებს უჭირთ ოჯახის რჩენა, მათ ჯანმრთელობას უამრავი რისკი აქვთ, პანდემიიდან გამომდინარე. საქართველოს მოქალაქემ, საკუთარი მანდატის ფარგლებში, თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. მოქალაქეემ მათ უთხრა – პარლამენტში იზრუნეთ და იშრომეთ ჩემთვის, მომიგვარეთ ის პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას – არა. ვისაც ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არა – ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვებს. დეპუტატის ადგილი პარლამენტში, ტრიბუნასთანაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს. საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად, მათ მხოლოდ ერთი დღე რჩებათ. სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედოს საპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარ დღის წესრიგს, შევიდნენ პარლამენტში ან დაემშვიდობონ მინიჭებულ მანდატებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.