ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩემს მიწაზე არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს არავინ ამზადებს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ქიმიური თუ სხვა მასობრივი განადგურების იარაღი არასდროს იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინა ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს. მისი თქმით, რუსეთი არის სახელმწიფო-ტერორისტი და ეს ყველამ უნდა აღიაროს.

„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი ვარ. ორი შვილის მამა ვარ. არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს ჩემს მიწაზე არავინ ამზადებს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თვქენც იცით. და თუ რაიმე ამდაგვარს გააკეთებთ ჩვენს წინააღმდეგ, პასუხად მიიღებთ მკაცრ სანქციებს“, – განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მარიუპოლი და ვოლონოვახა კვლავ ბლოკირებულია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჰუმანიტარული დერეფნების ასამოქმედებლად, რუსმა სამხედროებმა მაინც არ შეწყვიტეს ცეცხლი. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე გამეგზავნა წყლით, წამლებით და საკვებით სავსე სატვირთოების კოლონა მარიუპოლში“, -განაცხადა ზელენსკიმ.