მინდა, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი დღეს მიიღოს, მაგრამ დღესვე სტატუსის მინიჭება შეუძლებელი აღმოჩნდა – გიტანას ნაუსედა

ვფიქრობ, უკრაინისთვის, მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის ძალიან საჭირო გზავნილის გაგზავნა შევძელით. ეს გზავნილია, რომ ჩვენ ვართ მზად უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მისანიჭებლად, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებს ვერსალში გამართულ ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით განუცხადა.

ვერსალში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შედეგებზე საუბრისას გიტანას ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან აღნიშნული პროცესი დაიწყონ და ამით უკრაინელ ხალხს იმედი მისცენ.

„ძალიან დამქანცველი ღამე იყო. დიდხანს გაგრძელდა მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინისთვის, მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის ძალიან საჭირო გზავნილის გაგზავნა შევძელით. ეს გზავნილია, რომ ჩვენ ვართ მზად უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მისანიჭებლად, მზად ვართ დავიწყოთ პროცესი. ეს მათთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ეს საკითხი ზელენსკისთანაც განვიხილე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთხოვა, გამეკეთებინა მაქსიმუმი და ყველაფერი იმისათვის, რომ ხალხისთვის იმედი მიგვეცა. უკრაინელებისთვის კი ეს იმედი ევროკავშირთან მჭიდრო კავშირია. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, მაგრამ მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს, იცოდნენ, რომ ისინი ევროკავშირში წევრობისა და ამ ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ეს ჩვენ გავაკეთეთ!

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ჩანაწერი კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ როგორც იცით, კონსენსუსია საჭირო და მინდა ვთქვა, ამ კონსენსუს ღამე მივაღწიეთ. მე მინდა, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს დღეს, მაგრამ ეს იყო პროგრამის მაქსიმუმი და შეუძლებელი აღმოჩნდა, დღესვე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. არგუმენტები შიდა პოლიტიკური ხასიათისაა. ზოგიერთ ქვეყანას შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, საზოგადოების მოსაზრებები და ისინი ამაზე ზრუნავენ. ალბათ, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. არ ვართ გაჩერებული ერთ ადგილზე, არც უკან მივდივართ. აუცილებლად მივდივართ წინ“, – განაცხადა ნაუსედამ.