საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

„იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

შემაშფოთებელია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.