თუ მელიტოპოლში 2 000 ადამიანი გამოდის, წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენს შეგიძლიათ გამოსვლა – ზელენსკი მოსკოვის მცხოვრებლებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მორიგი ბრიფინგი გამართა. მან სხვადასხვა საკითხებთან ერთად მელიტოპოლის მერის გატაცებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპანტების მცდელობა – დაეჩოქებინათ ქალაქი, დღეს ათასობით უკრაინელმა გააპროტესტა.

ზელენსკიმ მოსკოვის მოსახლეობასაც მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩებში გავიდნენ.

,,დილიდანვე ქალაქ მელიტოპოლში ​რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ჩვენმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსი ოკუპანტების მცდელობა – დაეჩოქებინათ ქალაქი. ძვირფასო მოსკოვის მცხოვრებლებო, თუ უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში 2 000 ადამიანი გამოდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენს შეგიძლიათ გამოსვლა. გუშინ, ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს, სამოქალაქო საზოგადოება მის გათავისუფლებას ითხოვს. მადლობელი ვარ, თითოეული მოქალაქის, რომელიც აქციაზე გამოვიდა. ოკუპანტები უნდა მიხვდნენ, რომ უცხოები არიან ჩვენს მიწაზე და მათ არასოდეს მივიღებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ მელიტოპოლის მერის გატაცებასთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.