,,ჩვენს დელეგაციას მოლაპარაკებებზე აქვს მკაფიო ამოცანა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებელია. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღიურად საუბრობენ ვიდეოფორმატში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია საუბარი, რადგან ამ მოლაპარაკებების წყალობით, დღეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან 5 550 ადამიანი იქნა ევაკუირებული, ხოლო ექვს დღეში 130 000-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარიუპოლამდე ჰუმანიტარული დერეფანი დაკეტილი რჩება.

„ჩვენს დელეგაციას აქვს მკაფიო ამოცანა – ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ხალხი ელოდება. გასაგებია, რომ ეს რთული ამბავია, რთული გზაა, მაგრამ საჭირო გზაა და ჩვენი მიზანია, ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში უკრაინამ მიიღოს ის შედეგი, რაც აუცილებელია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რათა ნორმალური და ეფექტური გარანტიები გვქონდეს. არა როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, არც ისე, როგორც ჩვენს ცაში, არამედ ისე, რომ უკრაინელებს შეეძლოთ, თქვან: ეს მუშაობს, ეს არის გარანტიები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.