ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა, ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავტორიტეტი ვერ იქნება – პაატა მანჯგალაძე

ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა,- ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.

,,არანაირი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი ეს არ არის, ამას სჭირდება 2/3- ის მხარდაჭერა, რის რესურსიც მათ არ გააჩნიათ. ,,ქართულ ოცნებას” ახასიათებს, რომ ვინც მას არ ეთანხმება, ცდილობენ მოაქციონ იზოლაციაში, როგორც ჩანს, პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ევროინტეგრაციისკენ იყო მიმართული, არ შეესაბამება  ოცნების დეკლარირებულ ინტერესს და ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა. ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ავტორიტეტი, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.