სალომე სამადაშვილი ინიციატივას აყენებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინოს

„დღევანდელი მოსმენის შემდეგ მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით უბრალო მოქალაქე, შევშფოთდი ჩემი ქვეყნის მომავალსა და ჩემი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რადგან ის გზავნილები, რაც თქვენ დღეს გქონდათ, მაფიქრებინებს, რომ არ გაქვთ გაცნობიერებული რომელი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ“,- ასე აფასებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებას.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

„დღეს აქ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს დღეს განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც არ თვლიან საკუთარ თავს საკუთარი ხალხის სამსახურში მყოფ ადამიანებად. შორს ვარ იმ აზრისგან, რაც აქ გააჟღერეს სხვა კოლეგებმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ეპიცენტრი ქვეყნის უსაფრთხოების. არა – არჩევითი ორგანო და დემოკრატიული ორგანო არის ეპიცენტრი და აქ თქვენ იმიტომ მოდიხართ, რომ განგვიმარტოთ, რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რათა სწორი პოლიტიკა განვსაზღვროთ. როდესაც შეკითხვებზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ საერთოდ რისთვის მოდიხართ აქ, გაუგებარია“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა ინიციატივა დააყენა, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინოს.

„ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.