ვიოლა ფონ კრამონი „ლელოს” ლიდერებს შეხვდა | რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრებს შეხვდა.

„ლელოს” გენერალური მდივანის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

„ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს და წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. ის, რასაც ქართული ოცნება თვლის, რომ შესრულებულია, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ეს ეხება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს სასამართლოს რეფორმებს, ასევე რეფორმებს ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობასა და საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი საქართველოში გუშინ, 1-ელ აპრილს ჩამოვიდა.

ნახეთ ასევე: ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა