ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება – ზელენსკი

უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული, ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

„პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ყველაფერი უკვე გვესმის. ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვთქვათ, „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები“. არიან ნატო-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი ასპროცენტიანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც ნატო-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში საუბარი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე და უკრაინის კანონმდებლობის ცვლილებებზე.

„მე ვუხსნიდი ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს: როდესაც საუბრობთ ამ ცვლილებებზე, ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების ამა თუ იმ ფორმატებზე. ხოლო როგორი იქნებიან ისინი – ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის ჩვენი საუბრისა და გაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.