ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში – უკრაინელებო, ჩვენი ერის გადასარჩენად, იბრძოლეთ, იომეთ, განდევნეთ ეს მონები, რომ უკრაინამ იცოცხლოს

მივმართავ ყველა უკრაინელს. გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ სხვადასხვა უკრაინული ქალაქების მოსახლეობას მიმართა, მათ შორის, მარიუპოლის, ხერსნის, ბერდიანსკის, კახოვკის, მელიტოპოლის, ენერგოდარის, რომლებიც რუსულ ძალებს დაკავებული ან ალყაში აქვთ მოქცეული.

„მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ. მათ ეშინიათ. პროპაგანდისტებს ამ შიშის სიძულვილად გადაქცევა შეუძლიათ. შემდეგ კი მოჰყვება ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი თავისუფალი ხალხის მისამართით.

ხერსინო, გამაგრდი. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ კადრებს თქვენი ქალაქიდან. თქვენს მოედნებსა და ქუჩებში ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით, ჩვენი სახელმწიფოს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან იყო.

ჩვენთან რუსეთი არაა. დაიმახსოვრეთ. აქ წინააღმდეგობას ორგანიზება არ სჭირდება. წინააღმდეგობა უკრაინელებისთვის სულის თვისებაა. და მინდა, რომ თქვენ, სამხრეთით მყოფო ჩვენო უკრაინელებო, წამითაც არ იფიქროთ, თითქოს უკრაინას თქვენ არ ახსოვხარ.

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გიჭირთ, როდესაც თქვენ გტკივათ, როდესაც თქვენ წინააღმდეგობას უწევთ, ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დროს გული გვეგლიჯება, ვინაიდან ჩვენ თქვენს გვერდით არ ვართ. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, ვიდრე ჩვენ არ განვდევნით უცხოებს. თქვენი პროტესტი არის გმირობა. ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ასეთი ადამიანები გვყავს.

მივმართავ ყველა უკრაინელს. გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი ერის გადასარჩენად. იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ ოკუპანტები! რომ უკრაინამ იცოცხლოს და ჩვენ ყველამ მასთან ერთად. თავისუფალმა და მშვიდობიანმა უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.