ნეიტრალიტეტზე სასამართლოში სააკაშვილმა თქვა პირველმა და შემდეგ გაიშალა საკითხი, რომელიც საერთოდ არ დგას – შალვა პაპუაშვილი

ნეიტრალიტეტზე სასამართლოში სააკაშვილმა პირველმა თქვა და შემდეგ გაიშალა საკითხი, რომელიც საერთოდ არ დგას, ჰიბრიდულ ომში ჩვენი კოლეგების ნაწილიცაა ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„ჩვენ არ გვაქვს ცხელი ომი, მაგრამ ვხედავთ, რომ არის პირდაპირი ჰიბრიდული ომი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელებაში. ინფორმაციული ომია დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისა და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევისთვის. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. რას ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში – ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული, ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან; მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსული სკოლებისა თუ სექტორის შესახებ, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა. პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. მეორე ვნახეთ გუშინ თუ გუშინწინ, მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაცა ცვლილება შედისო. პირდაპირ მიმართული დეზინფორმაციაა ესეც, ტყუილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.