მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ „ომის პარტიის”, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არც ერთ ინიციატივას არ განიხილავენ. ამ თემაზე მან დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ,,ომის პარტია” ბოლო დღეებში ისეთი თემების აქტუალიზაციას იწყებს, რომელიც ამ ვითარებაში საქართველოს მტრობაა.

მდინარაძის თქმით, 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა, ახსენა თემა, რის შემდეგაც მედიებს შიდა პროპაგანდა დასჭირდათ, რომ ეს საკითხი 5 დღის შემდეგ წამოეწიათ.

,,ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა. შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე, მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა. წარმოუდგენელია შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიციირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძის აზრით, ეს გადაწყვეტილება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.