ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე – კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც ასე იქნება.

„დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია. უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი. ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა და პატრიოტიზმი არ არსებობს, ეს სამწუხაროა. თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს, უნდა შეგრცხვეთ ამ თემის წამოწევის გამო. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც“, – მიმართა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს.