ჯეიკ სალივანი – პრეზიდენტი ბაიდენი ნატო-ს საგანგებო სამიტს დაესწრება, შემდეგ შეუერთდება დიდი შვიდიანის ლიდერებს, ასევე მიმართავს ევროკავშირის წევრებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ნატოს საგანგებო სამიტს დაესწრება და ასევე  მიმართავს ევროკავშირის წევრებს.

„პრეზიდენტი ნატო-ს საგანგებო სამიტს დაესწრება, შემდეგ შეუერთდება დიდი შვიდიანის ლიდერებს, ასევე მიმართავს ევროკავშირის წევრებს. მას შესაძლებობა ექნება, პარტნიორებთან განიხილოს უკრაინის სამომავლო სამხედრო დახმარების, ასევე რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი. ასევე, ის განცხადებას გააკეთებს, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად ერთობლივი მოქმედებების შესახებ“, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან, როგორც იგი აცხადებს, შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი.

„წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა.