უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, შემთხვევით არ გაუწვევია აქედან ელჩი, შემთხვევით არ აბრალებენ საქართველოს მთავრობას ამორალურ პოზიციას – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ არის სულ მცირე იქამდე, ვიდრე საქართველოდან ელჩია გაწვეული.

მისივე თქმით, უკრაინას საქართველოდან ელჩი შემთხვევით არ გაუწვევია და საქართველოს ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები მისაღებია, მაგრამ მათი მოწოდება ხელისუფლებამ რომ არ შეასრულოს, მაშინ რა ხდება? 22 არასამთავრობო ორგანიზაცია რა ქმედებას მიმართავს? ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, ელჩი ქვეყნიდან შემთხვევით არ გაუწვევია და საქართველოს შემთხვევით არ აბრალებენ ამორალურ პოზიციას. ხელისუფლებას ამაზე დაფიქრება მართებს, რადგან საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას პამპერსებით ვეხმარებით, ყოველთვის სწორი პასუხი არ არის. ჩემთვის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ არის სულ მცირე იქამდე, ვიდრე ქვეყნიდან ელჩია გაწვეული“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.