ურსულა ფონ დერ ლაიენი – თავისუფლებას აქვს სახელი და მისი სახელია უკრაინა, ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი

ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებებს უკრაინის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან, მარიუპოლის, ხარკოვის და კიევის გარეუბნების განადგურებას, – განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე აღსანიშნავია ფრონტის ხაზის მიღმა არსებული ვითარება ოკუპირებულ უკრაინაში.

„ალყის და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ასევე საშინელია. ახალი საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ, ასობით ადამიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების პირისპირ. ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. თავისუფლებას აქვს სახელი და მისი სახელია უკრაინა. დღეს უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.