საქართველოს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა, ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანით – ღარიბაშვილი

საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა; ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლების მნიშვნელობას თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ეს სწავლება ნატოს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო, მინდა, მოგესალმოთ ყველას ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. ეს სწავლება ნატოს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატოს სტანდარდების მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალკვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა, გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და უსაფრთხოებას. მინდა, ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე. მინდა, ამ მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ყველას გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა სწავლებაში მონაწილეობისათვის. წლების განმავლობაში, ჩვენს მრავალ პარტნიორთან ერთად, მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას. მსგავსი სწავლებები ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა, არამედ აძლიერებს ჩვენს კოორდინაციას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.

„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ვართ მადლიერნი. საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა.

მინდა, კიდევ ერთხელ, სწავლებაში მონაწილე ყველა პირს გადაგიხადოთ მადლობა, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მთელი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.