საქმე „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქმე „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

როგორც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბრეგაძემ აღნიშნა, საბოლოო კომენტარების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდება.

„იუსტიციის სამინისტრო როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წარმოადგენს და ბუნებრივია ამ დავაშიც იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული.

რაც შეეხება საქმეს, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია ამ საქმეში და ბუნებრივია საბოლოო კომენტარების გაკეთებას შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.