პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობა პირველ რიგში ურტყამს ყველა პოლიციელის ღირსებას!

„პროგრესულ დემოკრატული მოძრაობის“ წევრი ზაზა მჟავია პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტის, გიორგი გასციანის ცემის ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ცალკეული სამართალდამცავის გადაცდომის ფაქტი მთელ სტრუქტურას უტეხს სახელს. მჟავია ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

-„პირველ რიგში ამ ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება და ამას შესაბამისი ორგანოები მიხედავენ. პოლიციელს ძალის გამოყენების უფლება აქვს მაშინ, როცა ხდება სავარაუდო დამნაშავის მიმართ დევნა და დაკავება, და ისიც ზომების გადაუცილებლად, ეხლა არ გავაკეთებ განმარტებას თუ რას ნიშნავს დამნაშავის შეპყრობისათვის ზომების გადაცილება, მაგრამ პოლიციელის მხრიდან არა მარტო ჟურნალისტის, არამედ ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ძალადობა პირველ რიგში ურტყამს ისევ პოლიციელის ღირსებას და მართლა ღირსეულ პოლიციელსაც აყენებს ჩრდილს..

მოკლედ, გამოძიებით თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ყველა ის პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა ჟურნალისტ გიგორგი გასვიანის ცემაში უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით და ჟურნალისტთა კორპუსს საჯაროდ მოუხადონ ბოდიში!“

შეგახსენებთ:

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

-“მთვრალმა პოლიციელებმა ბორჯომში მცემეს და იარაღი თავზე მომადეს, მაგინეს და მემუქრებოდნენ, ჟურნალისტი რომ აღმოვჩნდი, არსად გააცხადოო… ესეც შარვალი, ტალახიანი იმიტომ არის რომ წამაქციეს ცემის დროს.  მანქანა მომისრიალდა და იარაღის მიბჯენით გადმომათრიეს და გამლახეს. თავში მირტყეს. ახსნაც კი არ მაცალეს. რომ გაიგეს ჟურნალისტი ვიყავი მუქარა დამოწყეს არ გაასაჯაროვო ეგ ფაქტიო და სასტუმროში მიმიყვანეს ამ პირობით. მთვრალები იყვნენ. როგორც მერე გავარკვიე ერთი იყო პოლიციელი დანარჩენი ორი მისი ძმაკაცები“-წერს გასვიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება