დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინდია ს. დააკავეს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ჩატარდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო, როგორც ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თითქოსდა ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირების დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაპირდა. დახმარების სანაცვლოდ, მინდია ს-მ მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ 8000 აშშ დოლარი, სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა“,- წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.