ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ

საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს.

„ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე ამ ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გამოყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. ადმინისტრატორის მოადგილე კოულმენ, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მადლობა მოვახსენო თქვენს ორგანიზაციას ყველაფრისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა გააკეთა საქართველოს განვითარებისთვის.

ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვმსახურობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ცხელ წერტილებში. ქართველები ამაყობენ თავიანთი როლით, როგორც შეუცვლელი პარტნიორები შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.