ომის პარტიის ერთადერთი სურვილია, რომ ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ – ირაკლი კობახიძე

ეს არის ომის პარტია და მათი ერთადერთი სურვილია, რომ ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ მესიჯებს, რომლებიც გაჟღერებულია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, მოკლევადიან პერსპექტივაში აქვს თავისი გავლენა, მათ შორის საზოგადოებაზე, მაგრამ ისინი ვერასდროს აღწევენ თავის გრძელვადიან მიზნებს.

„მაგალითად, ეს უკავშირდებოდა ელჩის გაწვევის თემას. რაღაც დაალაგეს უცებ, ერთ დღეში გადაწყდა და ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და ალოგიკური იყო ეს. რაღაც ერთდღიანი პიარული მოცემულობა მოიგეს, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გასროლილი ტყვია. იყო თვითმფრინავის ბორტისა და რძის პროდუქტების თემა. თითო დღით ახერხებენ რაღაც თითო სვლის მოგებას, მაგრამ მთლიანობაში, ამ რაღაც სპეკულაციებით, ისინი ვერ ახერხებენ მთავარი მიზნის მიღწევას. ეს არის ომის პარტია და მათი ერთადერთი სურვილია, ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ერთ-ერთი, რაც დგას ამის უკან არის ის, რომ მათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურთ და ეს არის მათი განზრახვა და ამოცანა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ.

შესაძლოა, ის მესიჯი, რომელიც გაჟღერებულია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, აღმოჩნდეს ერთ-ერთი ელჩის სასაუბრო მესიჯებში და ა.შ. მოკლევადიანი შედეგი ამას შესაძლოა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ობიექტურ გავლენას ახდენს თუნდაც ელჩებზე ის ფონი, რომელიც იქმნება საზოგადოებაში, თუმცა ესეც მოკლევადიანია. როგორც აღვნიშნე, მოკლევადიან პერსპექტივაში, რაღაცეებს შესაძლოა მიაღწიონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი ეს ნაბიჯები ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.