ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება, დგას ცივილიზებულ სამყაროსთან თუ რუსეთთან – ანა ნაცვლიშვილი

ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება, დგას ის ცივილიზებულ სამყაროსთან თუ რუსეთთან, რომელიც არის ბარბაროსული ომის ავტორი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოზიციონირება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დღეს მკაფიო არ არის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია მსოფლიოში შექმნილ სრულიად ახალ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთელი ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირდება უკრაინის ირგვლივ და რუსეთის წინააღმდეგ. ამ საკითხში ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, რადგან ქვეყანას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციონირება, დგას ის ცივილიზებულ სამყაროსთან თავისი კონკრეტული პოზიციონირებით და ქმედებებით, თუ დგას რუსეთთან, რომელიც არის ბარბაროსული ომის ავტორი.

იმისთვის, რომ ევროკავშირში წარდგენილ განაცხადს ზურგს უმაგრებდეს ქვეყანაში სწორი პოზიციონირება, არსებითია, რომ ხელისუფლებამ გაატაროს შიდა დემოკრატიული რეფორმები. ცხადია, მას ამის სურვილი არ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წნეხი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების და ფართო საზოგადოების მხრიდან იყოს მუდმივი და მზარდი, რომ ხელისუფლება გახდეს იძულებული გადადგას დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, ეს განაცხადი დარჩება განაცხადად. მინდა მკაფიოდ გამოვეხმაურო იმ მესიჯს, რომელიც ისმის მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან, რომ ეს არის ხანგრძლივი, რთული პროცესი და არ არის საჭირო ფაცი-ფუცი ამ მიმართულებით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის რთული პროცესი და არ არის ერთდღიანი, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყებს ქვეყანა რეფორმების გატარებას, მით უფრო გვიან მივიღებთ შედეგს, ამიტომ იმისთვის, რომ გონივრულ დროში მივიღოთ შედეგი, დღეს მაინც უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაწელვა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.