გია ვოლსკი – უკრაინის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანაა რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თუ არა თავისი განცხადებით, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე

საქართველოს სახელით მოსკოვში გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი, იქ თავის კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

იგი ასევე გამოეხმაურა მოსკოვში, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება“.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარასინი და რუსეთის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რათა შემდეგ კითხვა დასვათ. იმათ თავისი ხედვა და პოზიცია აქვთ და ამ თემაზე ჩვენს სივრცეში კამათიც არ ღირს. რაც შეეხება საექსპერტო ჯგუფის იქ მოგზაურობას, რასაკვირველია, ამას მხარს ვერ დავუჭერ, რადგან ეს არის იმ პრინციპებზე და იმ ინტერესებზე წინ გადახტომა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არც სარგებლიანია და უფრო უარყოფითად შეიძლება, იყოს განხილული, თუმცა მათი დონე არ განაპირობებს სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბებას, ან ცვლილებას, ან ერთი ან მეორე მიმართულებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ აქებს რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებს, გია ვოლსკიმ აღნიშნა:

„რეალურად, ის შეკითხვა და არგუმენტი – კი მაგრამ, რუსეთის ფედერაცია თუ თბილისს ბომბებით არ ესხმის თავს, ე.ი. თქვენ პრორუსულები ხართ და არ ხართ პროდასავლურები, ეს საკმაოდ უბადრუკი არგუმენტია და ამ არგუმენტს თავისი სტრატეგიული ინტერესი და მიმართულება აქვს. მიმართულება გარკვეულწილად გამოიხატება ხშირ შემთხვევაში, მათ შორის პოლიტიკური წარმომადგენლების განცხადებებისგან. დღეს რუსეთს ასე სჭირდება. ხვალ შეიძლება, სულ სხვანაირად დასჭირდეს, მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა, სწორედ რუსეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, სამიზნე რეალურად ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება, შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.