გუშინდელი საწვავის აქციების უკან იდგა ,,ნაცმოძრაობა” – პოლიციას მოუწია რეაგირება, რაც სწორი იყო  – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში წესრიგი უნდა იყოს და მიუღებელია, როდესაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საწვავის ფასის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. ეს რა თქმა უნდა, სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ, ეს მიუღებელია. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე კანონსა და წესებს უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში გაიმართა აქცია, სადაც საწვავზე ფასები გააპროტესტეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 20 პირი დააკავეს.