საწვავზე აქციზის გაუქმება და დღგ-ს მცურავ რეჟიმზე გადაყვანა ამ ეტაპზე შეუძლებელია – ფინანსთა მინისტრი

საწვავის ფასი ბუნებრივია დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე. დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი. საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისად სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს არის დაყენებულის საწვავის ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზსა და დღგ-სთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლებში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს – ესაა ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მინისტრმა.

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა.