გურამ რჩეულიშვილი-მარადისობაში დარჩენილი ჭაბუკი

დღეს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა

„თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა თბილისელებისგან: ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა…

დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისათვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს“-ასე იხსენებს გურამ რეულიშვილს გურამ ასათიანი.

გურამ რჩეულიშვილს ჩვენს მწერლობაში თან მოჰყვა თანამედროვეობის სუნთქვა. მას ღრმად ჰქონდა განვითარებული ფორმის სიახლის გრძნობა. ამიტომ შეითვისა მან ასე ბუნებრივად ჩვენი დროის მხატვრული პროზის დიდოსტატთა თავისებური ნერვიული, დაძაბული მანერა.

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წ. თბილისში, 1957 წ. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში 1960 წ., როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.

გ. რჩეულიშვილის მოთხრობების პირველი კრებული „სალამურა“ გამოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წ. მწერლის ძირითადი კრებულებია: „მოთხრობები. პიესა“ (1965). „მოთხრობები“ (1977).

გ. რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

მისი გარდაცვალების შემდეგ მეგობრები ამბობდნენ:

– ჩავენ მაინც ვფიქრობთ, რომ იგი დიდხანს ვერ მოისვენებს საფლავის ლოდქვეშ. არ ვიცით, აგვისტოს მზისგან გავარვარებულ მიწის ალმურად, გაზაფხულზე ლოდებ შუა ამოსულ ჯიუტ ბალახად, მოულოდნელად ამომსკდარ წყაროდ, თუ შემოდგომის პირზე ხევსურეთიდან მოდენილ ლეგა ღრუბლებად, იგი მაინც დაბრუნდება, როგორმე მოძებნის გზას, რომ კიდევ ერთხელ გვამცნოს, რა უმწეოა ბნელი აუცილებლობის უგუნუარი ძლევამოსილება სიჭაბუკის ყოვლისშემძლე, დაუმხობელი ძალის წინაშე“.

 

 

კომენტარის დატოვება