წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრს, გელა აბულაძესა და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთ ბრალდებულ ნუნუ აბულაძეს 2 000 ლარიანი გირაო, ხოლო დანარჩენ რვა პირს 6 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

სხდომაზე დაცვის მხარემ გელა აბულაძის მიმართ დააყენა შუამდგომლობა, თავდებობით გათავისუფლებულიყო.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, მას თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები უდგებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თაღლითური გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის ცხრა მიწის ნაკვეთს და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.