დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – „ჩვენ ვხედავთ რუსულ ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენ გვერდით ვდგავართ, ვიბრძოლებთ დემოკრატიული საქართველოსთვის”

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაანონსებულ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გამოეხმაურა.

მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლო რეფერენდუმის შესახებ განცხადება და ვხედავთ რუსულ ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე. გვინდა გითხრათ, რომ თქვენ გვერდით ვდგავართ, ვიბრძოლებთ დემოკრატიული საქართველოსთვის და ვიქნებით პარტნიორი რეფორმების პროცესში. ჩვენ ერთად ვიდგებით თქვენთვის, სხვებთან ერთად, ვინც საერთაშორისო ღირებულებებს და საერთაშორისო წესებს პატივს სცემს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ავტორიტარიზმი აღმავლობას განიცდის და ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში რუსეთის მხრიდან,”-აგანცხადა იეპე კოფოდიმ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთში შესვლაზე 10 აპრილს ეგრეთწოდებული რეფერენდუმი დანიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ “რეფერენდუმი” ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. მანამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.