დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება გაფრთოვანებული, ყოვლისშემძლეობის შეგრძნებით, მსოფლიოს რომ დაესაჯა რუსეთი იმისთვის, რაც მან 2014 წელს ჩაიდინა, არ იქნებოდა უკრაინაში 2022 წელს შეჭრის ეს საშინელებები – ვოლოდიმირ ზელენსკი

გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის ლიდერის თქმით, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„არ არსებობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გზა, ვიდრე რუსეთის იძულება, დაიცვას მშვიდობა. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაფერზე, რაც მან ჩაიდინა გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ.

სახელმწიფომ, რომელიც არ თაკილობს ბირთვულ შანტაჟს მიმართოს, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ისეთი სანქციები, რომლებიც აჩვენებს, რომ შანტაჟს დამანგრეველი შედეგები აქვს შანტაჟის ავტორისთვის. ასევე, საჭიროა ქმედითი ინსტრუმენტი, რომ პასუხი აგებინო ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ბლოკავს საზღვაო სავაჭრო გზებს, რათა არ გაჩნდეს ცდუნება, რომ ზღვა მკვდრად აქცია. ახლა ასეთი ინსტრუმენტები არ არსებობს. ავსტრალიის ლიდერობა შეიძლება იყოს შეუცვლელი უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის მოდერნიზებაში და უკრაინაში მშვიდობის აღდგენაზე მომუშავე ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერებაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ზელენსკის თქმით, მსოფლიომ შესაბამისად არ დასაჯა რუსეთი 2014 წლის დონბასის  ინტერვენციისთვის, რითაც რუსეთი მორიგი აგრესიისთვის წაახალისა.

„ხშირად ამბობენ: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება. მე კიდევ დავამატებდი, დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება გაფრთოვანებული, ყოვლისშემძლეობის შეგრძნებით. მსოფლიოს რომ დაესაჯა რუსეთი იმისთვის, რაც მან 2014 წელს ჩაიდინა, არ იქნებოდა უკრაინაში 2022 წელს შეჭრის ეს საშინელებები. შეცდომა ახლა უნდა გამოსწორდეს. მადლობელი ვარ ავსტრალიის დამპყრობლებისგან ჩვენი დაცვის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე აღმოუჩინა უკრაინას. კერძოდ, 70 ათასი ტონა ქვანახშირისთვის ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის. თუმცა ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.