,,უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის” – ევროპული საბჭო უკრაინის არჩევანს მხარს უჭერს

10 მარტს, ვერსალის სასახლეში შეხვედრისა და დისკუსიის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო ,,აღიარებს უკრაინის მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს”.

,,ჩვენ ვაფასებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს მათი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი საერთო ღირებულებების თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შემოტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსიაზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ სწრაფად გადავიდეთ შემდგომ სანქციებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას ყველა უკრაინელი ლტოლვილსა და მათ მასპინძელი ქვეყნების მიმართ.

,,ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ბოლოს მითითებულია, რომ საბჭომ მოიწვია კომისია, რომ წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადების შესახებ.