კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი რაღაცაზე საერთოდ არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც უნდა, მთავრობას ჩაეჭრას, რა ლოგიკაა, არ ვიცი – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტთან მეც მქონდა არაერთი შეხვედრა გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის, ელჩების დანიშვნის თემაზეც გვისაუბრია და ჩვენ ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„ჩვენ ამას ვაკეთებდით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე საჯაროდ გვესაუბრა და დღემდე არ ვიცი, პრეზიდენტმა რატომ გადაწყვიტა, საჯაროდ ესაუბრა პრობლემაზე, რომელიც თავადვე შექმნა. რატომღაც, მან გადაწყვიტა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შიდა საუბრების დროს ვამახვილებდით ყურადღებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ელჩის დანიშვნაზე პრეზიდენტს არავითარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულებები და ეს შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მთავრობას რომც არ მოეწონოს, ამას განსაკუთრებული რეაგირების გარეშე დატოვებს.

„ერთადერთი, სადაც მკაფიო რეაგირება და რეაქცია გვექნება, ეს არის კონსტიტუციის დაცვა. მეტ სიღრმეში შესვლას არ ვაპირებთ და არანაირი უთანხმოება არ გვაინტერესებს პრეზიდენტთან. კონსტიტუციის მიხედვით მას აქვს თავისი როლი, ფუნქცია და მთავარია, ის ამ როლსა და ფუნქციას არ გასცდეს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი რაღაცაზე საერთოდ არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც უნდა ამის გაკეთება. პრეზიდენტს უნდა, ჩაეჭრას მთავრობას, რომელიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი და ეს რა ლოგიკაა, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.