ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დადგება

ლარის კურსთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, არის კონკრეტული საგარეო ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. მისივე განცხადებით ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენის საკითხი მმართველი გუნდის მხრიდან ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დადგება.

-„ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას. ეს არის ყველაზე სამწუხარო მოვლენა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილური კურსი. ამას ემსახურება სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმა და ყველა ის სამთავრობო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას.

ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები, არაერთი მსჯელობა, დისკუსია სამთავრობო გუნდის წევრებთან. მოვისმინეთ მთავრობის მოსაზრება იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებს ლარის კურსის დევალვაციას. მთავრობის პოზიცია დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დღეს ასეთი ინიციატივა არ დადგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოვლენების დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში გვექნება დამატებითი კონსულტაციები სამთავრობო გუნდის წევრებთან“ – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარის დატოვება