ვფიქრობ, ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში – ზალკალიანი

მადლობა მინდა გითხრათ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ უკვე ახალ პოზიციაზე. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს უდიდესი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პირობას გაძლევთ, რომ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემ საქმეს, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენი აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უსერიოზულესი გამოწვევებით აღსავსე”, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის.