დავით ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა – პაატა მანჯგალაძე

დავით ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ არ მჯერა, რომ ცვლილებები ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ საკუთარი სკამები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნას და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას.

მანჯგალაძის თქმით, გაურკვეველია ამ საკადრო გადაწყვეტილების მიზეზებიც.

„უკრაინაში ომის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება და ხალხმა უნდა იცოდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა დავით ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გუშინ პრემიერ- მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მსგავსად ღიად პრორუსი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც ვერ საუბრობენ.

„ძალიან სამარცხვინოა ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შიშნარევი რიტორიკა, რომ უკრაინა დაისაჯა და დაზარალდა, ასე უკრაინაში ღიად პრორუსი დეპუტატები და ექსპერტებიც ვერ საუბრობენ, რომ უკრაინა დაისაჯა, პირიქით იქ საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ძალიან დიდ ფასს იხდის თავისუფლებისთვის, არავის მოუვა აზრად ტოლობა დასვას მოძალადესა და მსხვერპლს შორის. „ქართული ოცნება” როცა საუბრობს, რომ თითქოს წუხს უკრაინაში მიმდინარე ომზე, პასუხისმგებლობას მოძალადის ნაცვლად, აკისრებს მსხვერპლს, რაც უზნეობაა. იმას, რასაც ფარულად აკეთებს „ქართული ოცნება”, ღიად აკეთებენ დუგინის იდეოლოგები, დუგინის გამოთლილი კომბლები – „ალტ ინფო” და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა. მისივე თქმით, ამის შემჩერებელი არავინაა.